jump to navigation

Café January 20, 2011

Posted by trinniti in fragment, monologue.
trackback

 

ეს ამბავი არასოდეს მომხდარა.


შენ შემოხვედი და მოპირდაპირე მაგიდაზე დაჯექი.

მომესალმე – ,,ყველაფერი ჩვეულებრივად არის, ჩვეულებრივად ვარ – კარგადო” და ოფიციანტს დაუძახე.

მე გაგიღიმე – კარგია, ასე რომ ხარ–მეთქი და ჟურნალის თვალიერება განვაგრძე.

შენ ჩანთიდან რაღაცეები ამოალაგე, მუსიკა ჩართე, რასაც ჩვეულებრივ უსმენ და ყოველთვის თან გაქვს. ამოლაგებულებში ჩარგე თავი და ჩვეულებრივად გაგრძელდა ყველაფერი.


ამ კაფეში ავეჯი რამდენიმე დღის წინ გამოცვალეს. ხის დაბალი სავარძლები ჩასასველებლად და ჩასაძინებლად უფრო მოხერხებულია. თბილი, ნაქსოვი გადასაფარებლები აქვს. შენ ეშვები, დუნდები და ცოტა დალევა გინდება.

ფიქრობ, ან არ ფიქრობ. ხალხი შემოდის, ან გადის,მაგრამ თბილად მოწყობილს სულ ფეხებზე გკიდია. მოსალოდნელი ანგარიშიც და ალუბლის ნამცხვარს უკვეთავ.

ვეღარ ამჩნევ, რომ კედლები გახუნებულია და ცოტა გამაღიზიანებელი და ავეჯის გამოცვლისას, ჯობდა, ფანჯრებიც გადაეღებათ; რომ ხვალ ადრე ხარ ასადგომი და ახლა ის დროა, მომავალი დღეების დეტალურ გეგმას როცა უნდა აწყობდე, რომ ყველაფერი მოასწრო; რომ უნდა დაგერეკა ვიღაცისთვის, რომ ვიღაცას რაღაცას რომ შეპირდი, უნდა მიგეტანა. ახლა არაუშავს, სანამ მოპირდაპირე მაგიდაზე არ დავჯდები მე, ან შენ და ყველაფერი ჩვეულებრივი არ გახდება.


,,პოსტმოდერნიზმი არ არსებობს. ახლა,როცა განურჩეველი თავისუფლებაა სექსის და ბეჭდვის, ძალიან ახლოს ხარ შესაძლებლობასთან, ნამდვილ ხელოვნებას ასცდე. 21–ე საუკუნეში ფილოსოფიით თავის დაღლა აღარვის უნდა.” წერს ახლა ალბათ უკვე ხანშიშესული ქართველი მწერალი. ფილოსოფიაში ილიას და გალაკტიონს გულისხმობს.

შენ ფურცლავ. არც მე ვიყურები შენსკენ, შენს გვერდით მაგიდაზე დაწყობილ წიგნებს ვუყურებ ზოგჯერ, როცა შენ ჩემსკენ არ იყურებi, თუმცა, მგონი, შენ ისედაც არასოდეს იყურები ჩემსკენ.

ოფიციანტი მოდის – მაღალი, გამხდარი, შავგვრემანი და გეკითხება, რას მიირთმევთო. შენ ეუბნები ჩაის და ნამცხვარს. ის არ გეკითხება რომელ ჩაის ან რომელ ნამცხვარს. იცის, ჩვეულებრივი ამბავია.

ეს ჟურნალი ჩემს ოთახში კარადის დალაგებისას  gაურკვეველ, შეყრილ ფურცლებში ვიპოვე. ბავშვობაში დაწერილი ლექსები, ნახატები, ვიღაცეების სურათები, ჩემი სურათები.

ერთი კვირის წინანდელ ჩემს თავსაც ზუსტად ისევე ვერ ვიხსენებ, როგორც 5 წლის წინანდელს, როცა ეს ფურცლები კარადაში შევყარე. ისეთი რეალურია ეს დაბალი მაგიდა, გამხდარი ოფიციანტი, თბილი ნამცხვარი და შენ, წინა მაგიდაზე, რომ აღარც კი მახსოვს, თუ ეს როდისმე  ჩვეულებრივი არ იყო. მე ფენიქსი ვარ, ცუდი მეხსიერებით.

,,ამას წინათ, ჩემი თავი ერთ უცნაურ მდგომარეობაში დავიჭირე. თაროზე ვაწყობდი უახლესი ლიტერატურის ნიმუშებს. ჭაბუა ამირეჯიბი, პაოლო კოელიო, ლაშა ბუღაზე და უცებ, გულმა რეჩხი მიყო. იმის გასარკვევად, რა დამემართა, ბატონ ….–ს დავურეკე” წერს ჟურნალისტი იმ ინტერვიუს დასაწყისში, მერე რესპონდენტი რომ პოსტმოდერნიზმის არარსებობას ხსნის.

ჟურნალს ვხურავ.

ვფიქრობ,

შენი მაგიდის თავზე ჩინური ჭერზე ჩამოსაკიდი სათამაშო კიდია, ხელს რომ გაკრავ და რეკს და რეკს. ჩუმად, თავისთვის. შენს თავზე. შენ მაღლა არ იყურები – ამბობ, რომ ჩვეულებრივი ჭერია.


ისევ რესპონდენტი მახსენდება. ვფიქრობ, რას გულისხმობდა როცა კითხვაზე ,,ბილწსიტყვაობა პროტესტის ფორმა ხომ არ არისო”, უსახა, რომ ამათ პროტესტის თავი არ აქვთ და რომ ყუბანეიშვილის დონეზე არიან დარჩენილები.

ვფიქრობ, გკითხო. მაგრამ შენ, ჩვეულებრივ, როცა კითხულობ სხვა და სხვისი რამეები, ან შეიძლება ჩემი რამეები, არ გაინტერესებს.

ვჩერდები.

მაგრად ვხუჭავ თვალებს, ფეხებს ერთმანეთს ვატყუპებ, წელში ვიხრები, თითებით მუჭს ვკრავ და ჯემპრის ქვეშ ვმალავ, მთელს ტანს ვჭიმავ და ვცდილობ, ჩემს სხეულში ბლანტი ღიაიისფერი სითხე შეიკრას და შენს მაგიდაზე გადმოფრინდეს. ასე გაიგებ, რომ ჩემი მეხსიერება მთლიანად გაქრა. მთლაინად და არა ფრაგმენტულად – კარგ და უსიამოვნო დღეებად. რომ მინდა მოგისმინო, ოღონდ მეთვითონ მოსაყოლი არაფერი მაქვს. რომ წვიმიან დღებში ისევ ყრუდ მტკივა ბავშვობაში მოტეხილი ხელი და სიზმრების უფრო მჯერა, ვიდრე ოდესმე. რომ ვიღაცას კაფის კარი დარჩა ღია და სახეში მიბერავს. რომ შენი მოცემული წიგნი წავიკითხე.

ოფიციანტი მოდის და საფერფლეს მიცვლის. მე ვდგები და ქურთუკს ვიცვამ.

,,მიდიხარ?”–მეკითხები ჩაის სმით.

მე ვიღიმები, რამდენიმე სიტყვას გეუბნები, ჩვეულებრივი დიალოგია, და გავდივარ.

ვიცი, რომ თვალს მაყოლებ, მაგრამ არ ვიცი, ჩემს მაგიდაზე დარჩენილი იისფერი ბლანტი სითხე შენამდე მოვიდა, თუ არა.


Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: