jump to navigation

ნიშნები November 24, 2010

Posted by trinniti in fragment, monologue, real story.
trackback

ეს ამბავი რუსთაველზე დაიწყო. მოვდიოდით და ვლაპარაკობდით, სინამდვილეში როგორ რთულია გაიგო. როგორ გგონია, რომ იცი და აკონტროლებ და როგორ მაინც თავისით ხდება ყველაფერი. ისე თავისით, შეიძლება სადღაც ბედისაც კი ირწმუნო ცრუმორწმუნემ.

ჩვენ ცრუმორწმუნეები არ ვიყავით. უფრო სწორად, სხვების რწმენების.

სამაგიეროდ, დღესაც გვჯერა, რომ  შეგვიძლია შევცვალოთ, როცა ეს გვინდა.

შეგვიძლია მივიდეთ და მივახალოთ, ავუხსნათ, ვუმკითხაოთ, ჩავეხუტოთ, არჩევანის წინაშე დავაყენოთ, მოვატყუოთ, მოვუსმინოთ, ვკითხოთ და სილა გავარტყათ საუბრის დაწყებისას და დასრულებისას, რის შემდეგაც მისი პასუხი იქნება ჩვენი ცოდნა,  ჩვენი ინსტრუმენტი. და ეს ცდა წყალივით კანალიზაციის მილში არ ჩაედინება.

თუმცა ჩვენ ამას თითქმის არ ვაკეთებთ, იმიტომ რომ არ არსებობს უტყუარი ნიშნები იმის, რომ თავს არ ვიტყუებთ. ჩვენ არ გვაქვს ნდობა.


მოგონილი ამბავი

ნიშნები, სტიგმატები უნდა გამოგვდიოდეს. ყოველი ურთიერთობისას სხეულზე უნდა გვიჩნდებოდეს რამე ახალი. ხალი,შრამი,რამე დეფექტი, რაც გაჩნდება მაშინ, როცა დავიწყებთ და დასრულებამდე არ გაქრება.

მე ბევრი ნიშანი მაქვს სხეულზე. ძნელია მათგან იპოვო შენი, რადგან არ იცი, რომელია. არ იცი სადაა, არ იცი რა ფერია. ნიშნები კი ბევრია,ყველგანაა. ისინი სულ ჩნდებიან და ქრებიან, ერთმანეთის ადგილას ამოდიან. შეიძლება შენი უკვე წაიშალა. შეიძლება არც არასდროს გაჩენილა. შეიძლება არც არასდროს გიძებნია.

მე ვიცი ჩემი ნიშნები და ეს შეიძლება ერთადერთია, რაც ვიცი. ისინი შეიძლება ყველამ დაინახოს.

აი, ეს ნიშანი ხელზე მინდა რომ გაქრეს. მთელი წელია ველოდები, როდის აღარ დამხვდება იქ, სადაც ერთი წელია არის. რაღაცეები მიცდია – მალამოები, შელოცვები, კატის ბეწვები, მგლის კბილები, ბატის ფრთები, სავსე მთვარეები. უშედეგოდ.

მიცდია დამემალა, დამიმალია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის უცხო იყო ჩემთვის.

გამომიჩენია კიდეც! მომიტანია და მინახებია, იმ იმედით, რომ გაქრებოდა. არ გამქრალა და დღემდე ვფიქრობ, შენ მას განგებ აარიდე თვალი, რომ საკუთარი ხალი დაგემალა. არ ვიცი. შენ სულ გრძელსახელოებიანი მაისურებით დადიხარ.

რა თქმა უნდა, ინოვატორი კომპანიები საგრძნობლად მომრავლდა. ღამე ქალაქი განათებული აპლიკაციებითაა გადატენილი – წითელი ციმციმა შუქი მწვანე ფონზე – ,,სამოთხე – მოიშორე ცრემლი”, ან ,,დაივიწყე – ისიამოვნე”, ან ,,ჰარმონია – გათავისუფლდი” და უამრავი სხვა ვულგარული სალონი უმტკივნეულოდ  გთავაზობენ ნიშნების მოშორებას, რაღაც ახალი,ინდური გამაყუჩებლებით.

მე არც ერთგან არ ვყოფილვარ. მენანება მოუცილებელი ნიშნები.

ის ნიშნებიც მენანება, რომელიც თავისით ქრება და ჩემი სხეული გზას და ფორმებს კარგავს.

სულ სხვა საქმეა ის ხალი, სახეზე რომ შეგამჩნიე. ზედ შუბლზე, წარბის ზემოთ, ოდნავ შესამჩნევი ნიშანი გაგიჩნდა. შეიძლება, დიდი ხანია იქაა, მაგრამ მე გუშინწინ შევნიშნე, როცა შენ ორივე ხელი გქონდა დაკავებული და ქუდის გასწორება მთხოვე. შენ შეგრცხვა, მე – გამიხარდა, რადგან ვიცი, რომ ნიკაპზე ნაიარები მეც აშკარად მემჩნევა.

მნიშვნელობა არ აქვს რამხელა და რა ფორმისაა  ნიშნები, რადგან ჩვენ ერთმანეთის შესახებ ვიცით. მე ვხედავ ყველა ნიშანს შენს სხეულზე და მნიშვნელობა არ აქვს რას ნიშნავს ისინი. მეც შიშველი ვარ და არა იდეალური.

ახლა შეგვიძლია დაუსრულებლად ვსვათ ეს გაციებული ჩაი.

არასოდეს დაგვჭირდება ერთმანეთის ბავშვობის ფოტოალბომების დათვალიერება, მეგობრების გაცნობა, ანეკდოტების მოგონება, გაზეთების კითხვა, მოყოლა, როგორ გავატარეთ დღე, როგორი იყო ჩვენი პირველი სიყვარული, რომელია პირველი მოგონება, როდის ვბრაზდებით და როგორები ვართ ამ დროს, არ მოგვიწევს საყვარელი საჭმლის აღწერა და თამაშების მოგონება. ჩვენ არ დაგვჭირდება დამალობანა. ჩვენ არ დაგვჭირდება საუბარი.

და როცა ჩვენი სახიდან ჩვენივე დეფექტები სადღაც გაქრება, ჩვენ ამას დავინახავთ და მაშინღა ავლაპარაკდებით.


ნამდვილი ამბავი

მეგობართან ავედი. რატომღაც ძალიან მძაფრად მახსოვს ის დღე. მის საწოლზე ვიწექი და მასაჟს მიკეთებდა.

– და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი რომ ვიცოდეთ? ზუსტად რომ ვიცოდე რას ნიშნავს შენი საქციელი და სიტყვები? ზუსტად რომ ვიცოდე რას გულისხმობ?

ცოტა ვილაპარაკეთ. დავუშვით, რომ ასე შეიძლება ძალიან უინტერესო გამხდარიყო ურთიერთობები. და რომ რეალურად, ზუსტადაც  სულ იმას ვცდილობთ, რომ გავარკვიოთ რა რას ნიშნავს. და რომ ალბათ ამის გამო მოვიგონეთ, რომ გოგოს თუ ყვავილებს მიართმევ, ესეიგი მას სერიოზულად აღიქვამ – ეს მესიჯია, რომელსაც გოგო ზუსტად ასევე კითხულობს.

ბიჭი შეიძლება სულაც არ იყოს გულწრფელი. არც გოგო.

არც სხვა ბიჭები და გოგოები.


უკეთესია ნიშნები – სახეზე.

უკეთესია ნდობა.

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: