jump to navigation

მონაყოლი November 11, 2010

Posted by trinniti in another's, fragment, monologue, real story.
trackback

მოგიყვები

როგორ გავატარე დღე

მაგიდასთან.


ვიჯექი, ჯერ ვკითხულობდი, მერე ვწერდი და ისევ ვკითხულობდი

სიტყვები, წინადადებები და სიტყვები წინადადებებში

წინადადებების სიტყვები და სიტყვების წინადადებები

კომბინაციები

წერტილები და წერტილების კომბინაციები

ვკითხულობდი მთელი დღე

მომწურდა

მოვადუღე ჩაი და ლოგინი ავალაგე საგულდაგულოდ.

გავანიავე ოთახი, გადავწყნინდე კვამლი,

მოვრწყე ყვავილები

ზოგი გადავყარე, გამხმრები.

მოვუსმინე მუსიკას,რაც მიყვარს, ხომ იცი.

დავხურე წიგნი, ჩავიცვი და გავედი გარეთ.

ციოდა

გავხურდი

სიცივე მესიამოვნა

და უფრო ბევრი ვიარე ფეხით.

კაფეში დავჯექი

ცოტა ყავა დავლიე, ბევრი მოვწიე

ბავშვი შემოვიდა,ხატი იყიდეო.

მე ვიყიდე და ოფიციანტს დავუტოვე ჩაისთან ერთად.

ჩაის მაინც აიღებდა.


ისევ ქუჩაში გამოვედი და მაღაზიაში ახალი ქუდი ვიყიდე.

თეონა შემხვდა, ვისაუბრეთ.

თურმე ინგლისში მიდის სამუშაოდ, რაღაც პრეოქტი უპოვია ინტერნეტით,

კარგად გადამიხდიანო.

კარგად ვერ გავიგე რაში, მაგრამ იქნებ დარჩეს.

გათხოვდეს და დარჩეს, ან ისე დარჩეს. რა უნდა აქ.

დღეს ბევრჯერ მოვწიე, მაგრამ ცოტა.


იმ მაღაზიაში შევიარე, გალერიას რომ ჰგავს.

რაღაც ახალი რეპროდუქციები მოუტანიათ, ძააან საინტერესო

გვარები არ მახსოვს, მაგრამ სურათები მახსოვს

კაცები და ქალები ცალცალკე და ერთად, სურათებზე.

ბავშვიც იყო, ჩემს მეზობელ გიოს ჰგავდა.

გიო ხომ გახსოვს? კარტოფილი რომ ამოჰქონდა იმ დღეს მაღაზიიდან,

გზაში რომ შეგხვდა, რომ მღეროდა.

კარგი ბავშვია, ისეთი, ხალისიანი და უბოროტო.

შენც რომ მოგეწონა.


მაღაზიაში შოკოლადი ვიყიდე, რომ მომშივდა.

არა, ეს უნდა მოგიყვე –

საოცარი გამყიდველი შემხვდა.

ერთი ხელით ხურდებს თვლიდა, მეორე ხელით ტელევიზორის პულტით არხებს რთავდა,

თან მეკითხებოდა, რა გინდაო

წარმოიდგინე

ასე, ორხელგაშლილი შუახნის მსუქანი ქალი

დიდი წითელი ტუჩებით.

ამ დროს კიდე ვიღაც ბიჭი შემოვიდა, სიგარეტი მინდაო

მეგონა, მესამე ხელი გამოუვიდოდა და ისე გამოართმევდა ფულს,

ან მეორე თავი ამოუვიდოდა და მერე ერთი თავი მე მკითხავდა, რა გინდაო,

მეორე იმას – რომელი სიგარეტიო.

შოკოლადი ვიყიდე და წამოვედი.


ბაღში მაილი შევამოწმე, რაღაცეები გავაგზავნე,

მემგონი იქით კვირიდან ახალ პროექტზე ვიწყებ მუშაობას.


მოგიყვები


მოკლედ, პანკისში უნდა წავიდეთ და რაღაც ფოტოები გადავიღოთ

და კიდევ პატარა ტრენინგივით ჩავატაროთ ფოტოგრაფიაზე, ადგილობრივებისთვის.

საინტერესო რამეები შეიძლება წამოვიღოთ.

იქ ერთი კაცი ყოფილა, მეხი დაცემია სამჯერ. მარა არ კვდება.

უკვდავია.

ისე შეეჩვია, იმის მაგივრად რომ სამი შემთხვევის შემდეგ სახლში დაჯდეს,

ქარბუქში და წვიმაში, სულ გარეთაა.

თურმე, ამბებს უგონებენ

და დედები ბავშვებს აშინებენ

– თუ არ დამიჯერებ, მეხის კაცი მოვა და შეგეხება.

ეგ თუ შეგეხება,გაქვავდები და სახლში ვეღარ მოხვალ.

თავისთან წაგიღებს, გამოქვაბულში.

ღამე ისევ პატარა ბიჭად იქცევი, აი,ასეთად, ჩემო ლამაზო,

და მისთვის მეხის შეგროვება მოგიწევს.

ღამე, ტყეში გაგიშვებს მარტოს, მეხების მოსაძებნად.

იქ მოჯადოებული ქალწულები დაგხვდებიან და გზებს ერთმანეთში აგირევენ

წყეული, მოჯადოებული ქალწულები.

შენ,ჩემო პატარა, ლამაზო ბიჭო.

ბუები ყურებს წაგიღებენ, ჭოტები მთვარეს დაგიბნელებენ და ჭინკები ტანსაცმელს გაგხდიან

ნატრვის ხეს შეაბავენ საკუთარ ოცნებებად.

შენ იქნები შიშველი და მარტო. შენ იქნები ჩუმად, როცა ტყეში მეხების მოსაძებნად წახვალ.

როცა მიწაში ჩაფლულ პირველ მეხს იპოვი,

სულმოუთქმელად ამოთხრი და გულზე მიიხუტებ

კანს დაგიწვავს და საკუთარი ცრემლებით ჩააქრობ ყველა პირველ მეხს,

რასაც კი იპოვი.

და როცა მზის პირველი სხივი გამოჩნდება, შენ დაინახავ უამრავ ატირებულ, შენნაირ პატარა ბიჭს,

მეხების საძებლად რომ დადიან ტყეში.

იჩქარებ უკან, მეხის კაცთან დაბრუნებას,

რადგან მზის ამოსვლისას ისევ მის სახლში გაქვადე,

რომ შემდეგ ღამეს ისევ გაქციოს ამ პატარა, ლამაზ ბიჭად

და მარტო გაგიშვას ტყეში,

მეხების მოსაძებლად

წყეულ ქალწულებთან

შენ,ჩემო პატარა, ლამაზო ბიჭი.

ნუღარ გამაბრაზებ.


ასე აშინებენ თურმე პანკისელი ქალები ბავშვებს

და მინდა, გადავიღო.


მოგიყვები,


მერე სამსახურში ავედი და დავამთავრე გუშინდელი საქმე.

თითქმის დამავიწყდა სიცივე და წიგნები და გამყიდველი.

მოკლედ,

ეს იყო, რასაც ვაკეთებდი,


მოგიყევი.


ოღონდ თვალებში არ მიყურო.

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: