jump to navigation

60 January 11, 2010

Posted by trinniti in real story.
trackback

ქალი, რომელიც ამ ამბის მთავარი ქალია, დარწმუნებული ვარ, კვირაში ერთხელ მაინც ხვდება ყველას, ვინც თბილისში ცხოვრობს.  ქალაქის ერთ–ერთ ყველაზე საქმიან, ,,საქმიან” და ხალმხმრავალ ადგილას ყოველ დღე დგას და ბუშტებს ყიდის.

I

დილას ძალიან წვრილად, მაგრამ ინტენსიურად წვიმდა. მაგრამ ისეც არა, რომ ქოლგა წამეღო თან. 30 წუთში იმ ქუჩის მომდევნო ქუჩაზე, სადაც ქალი ბუშტებით დგას ხოლმე, აბსოლუტურად სველი მივედი. რაღაც დოკუმენტები/საბუთები, რომელიც უნდა მიმეტანა, ჩანთაში საგულდაგულოდ ჩავკუჭე, რომ არ დასველებულიყო და ფილაქანმიშტერებულმა ავუხვიე ქუჩაზე.  მაღალი შენობის სახურავის ქვეშ მეტი სიმშრალე იყო, ზუსტად იქ, სადაც ქალი იდგა და თავს სანახევროდ აფარებდა წვიმას. იმის გამო, რომ ჯერ კიდევ დილა იყო და ცოტა მანქანა დადიოდა, გარკვევით გავიგე წვიმის ხმა დასკდომამდე დაბერილ ბუშტებზე.

შენობის კიდეს გავუყევი, როცა მომეჩვენა, რომ ქალმა რაღაც მითხრა. გავჩერდი და მივტრიალდი. ხელში ქაღალდის ლარიანი ეჭირა:

,,– თუ იქით გადადიხარ, იქნებ საცხობში რამე მიყიდო, ძალიან წვიმს და ისედაც ავად რომ არ ვიყო, არ შეგაწუხებდით”.

როცა ქუჩაზე უკან გადმოვდიოდი და ხელში ცხელი ღვეზელი მეჭირა, ქალი ისევ ისე იდგა და მიწაზე ფეხებს აბაკუნებდა – გათბობისთვის.

,,– მადლობა, გაიხარე! ბოდიშს გიხდით, შეგაწუხეთ. … გოგონი! ( მივიხედე) ბუშტებს ხომ არ იყიდით? კაი გენაცვალე”

საბუთები უვნებლად და უბუშტებოდ მივიტანე.

II

შუადღესაც ისევ ისე წვრილად და გაუჩერებლად წვიმდა. ვიდექი და მეგობარს ველოდებოდი, რომლის დაგვიანებაც სრულიად უადგილო იყო ასეთ ამინდში. შენობაში გადავწყვიტე შესვლა. როცა მეგობარი მოვიდა, კიდე დიდხანს შევრჩით შიგნით. გარეთ რომ გამოვედით,  შესასვლელ კარებთან, სახურავის ქვეშ დაგხვდა ქალი.

,,უთხარი, რომ ყველაზე სიმპატიური უცხოელია, ვინც კი მინახავს! და ბუშტები გიყიდოს”– მთხოვა.

ვიცინეთ, მადლობაც ვთარგმნე უკან და უბუშტებოდ გავაგრძელეთ გზა.

III

საღამოსაც ისევ ისე წვრილად და უკვე გამაღიზიანებლად წვიმდა, როცა კიდევ ერთხელ მომიწია იმ ადგილას გავლა. ქუჩაში ცოტა ხალხი იყო, ყველა ქოლგით. სწრაფი ნაბიჯით წავედი გაჩერებისკენ, როცა ბუშტებიან ქალს მოვკარი თვალი. მზესუმზირის პარკშემოხვეულ გამყიდველთან ერთად ძალიან ნელი ნაბიჯით მიდიოდა და საუბრობდა. ჩასაცმელი სისველისგან უფრო მუქი ეცვა, ვიდრე დილას. ბუშტები მაღლა ჰქონდა აწეული და ერთი ხელიდან მეორეში გადაჰქონდა, აწყობდა. შეჩერდა, ოდნავ ჩამორჩენილ გამყიდველს გახედა და ღიმილით:

,,– დღეს ჩემი დაბადების დღეა!

– მართლა?

– 60 ის გავხდი 🙂

–  ….  გილოცავ!

– 🙂 “

ერთმანეთის გვერდიგვერდ ნელი ნაბიჯით გააგრძელეს გზა. ფერადი და სველი ბუშტები თავებს ზემოთ, ოდნავ მაღლა წაყვათ.

ჩემი ავტობუსი ზუსტად ამ დროს მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ 10–ის მერე ძალიან იშვიათად და ზოგჯერ აღარც კი დადიან.

ASJA BOROŠ–ის ნახატი

Advertisements

Comments»

No comments yet — be the first.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: