jump to navigation

მოხუცი ქალი ქუჩაში October 14, 2009

Posted by trinniti in real story.
1 comment so far

მე: 20 წლის ვარ. ზაფხულის ზოლიანი გრძელი მაისური მაცვია, ნაჭრის შარვალი და კეტები. მზე ანათებს – 20 გრადუსამდე იქნება. მსიამოვნებს  სითბო დააუღელვებლად ველოდები მეგობარს, რომელიც ალბათ წამი–წამზე მოვა – ფალიაშვილზე პოპულისთან ვდგავარ მზეში და ქუჩას გავყურებ – უამრავი ადამიანი მიდის და მოდის.

ის:  65 წლამდე იქნება. ზამთრის გახუნებული ცისფერი დუტის გრძელი ქურთუკი აცვია,  სქელი ნაჭრის შარვალი და ჩექმები. თავზე ნაქსოვი თეთრი შარფი აქვს მოხვეული –  ნიკაპთან მაგრად შეკრული. ფალიაშვილზე პოლულისთან ქუჩაში გზაჯვარედინთან დგას. როცა შუქნიშანზე წითელი აინთება და მანქანები ჩერდებიან, მძღოლებს ხურდას სთხოვს.

ყვითელი, მწვანე – მოხუცი ქალი ქუჩაზე მარტოcrossroad_flash რჩება. ტროტუართან დგას და ტროტუარზე მდგარ მაღალ, შავ კოსტუმში ჩაცმულ კაცს ელაპარაკება. არ მესმის, რაზე საუბრობს – ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარზე ვდგავარ.  კაცი ჯერ პასუხობს, მერე ცაში იყურება. მე ვუყურებ. ჩემსკენ ტრიალდება, მოდის, ორი მეტრის დისტანციით ჩერდება და რუსულად იწყებს საუბარს:

– მეჩხუბება, თითქოს  ვინმეს წარმოადგენდეს.  ამ ზაფხულს სამჯერ დამესხნენ თავს – ერთხელ მძროლმა ხელი გადმოყო და მკლავი გადამიგრიხა! მეორედ მრგვალ ბაღთან, აქვე, ზემოთ რომ ბაღია, ხომ იცი? მანდ ვიღაც დაცვა დამესხა თავს! ხელში ჩანთა და საბუთები და ჩემი ქალიშვილის სურათები მქონდა. დამაყრევინა ძირს! და ამ ყველაფერს უყურებდა – ხელს ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარზე მდგარი კოსტუმიანი მაღალი კაცისკენ იშვერს – ყველამ დაინახა! ხმა არავის ამოუღია! ასე ექცევიან ადამიანებს! მოდიან, თავს მესხმიან, ესენი დგანან ჩუმად! თუ ჰგონიათ, რომ შეუძლიათ მარტო იმიტომ მომექცნენ ასე, რომ რუსი ვარ? კი, ჩემი მეორე სამშობლო რუსეთია! ერთხელაც არ გამოუძახეს პოლიციას!

ჯიბიდან მობილური ამომივარდა. მოხუცმა ქალმა ,,ოი!’ წამოიძახა და მობილურისკენ დაიხარა. მე დავასწარი.

– როცა დავიბადე, უკვე იყო ლაპარაკი საბჭოთა კავშირის დაშლაზე. ხომ გახსოვს საბჭოთა კავშირი? – ღიმილით მეკითხება. აააა, არ გეხსომება!  – ისევ მიღიმის. დიდხანს ვცხოვრობდი რუსეთში, მარა შენ არ გეცოდინება, გაგიმართლა. ახლა კიდე ესენი – ხელს ქუჩის მეორე მხარეს ტროტუარზე ზუსტად ისევე მდგარი კოსტუმიანი მაღალი კაცისკენ იშვერს – მიყვირიან და მეჩხუბებიან!

ჩემი მეგობარი მოვიდა. 23 წლისაა.  საშემოდგომო ლურჯი პიჯაკი, ნაჭრის შარვალი და საშემოდგომო ფეხსაცმელი აცვია.

მოხუცი ქალის ბოლო სიტყვები აღარ მესმის – ჩემგან ზურგით ტრიალდება და თავისთვის ლაპარაკით აგრძელებს ქუჩას შუქნიშნისკენ.

მე და ჩემი მეგობარი 10 წუთში მრგვალ ბაღში ახალ სკამზე ვსხედვართ და ვლაპარაკობთ, რა კარგი იქნებოდა ოფისები პირდაპირ ბაღებში იყოს გახსნილი.

Advertisements